ფენოვანი ცომის მოსამზადებლად დაგვჭირდება საფუარიანი ცომი და დამდნარი კარაქი.ცომი დავყოთ პატარა გუნდებად, გავაბრტყელოთ და გადავუსვათ დამდნარი კარაქი, ისევ კარგად გავაბრტყელოთ, რაც შეიძლება თხლად, მოვათავსოთ ლობიოს გულსართი და გადავახვიოთ ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. (ეს ცომი გამოგადგებათ, როგორც ლობიანისთვის, ასევე ხაჭაპურისთვის ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი გულსართისთვის). როგორ ვამზადებთ საფუარიან ცომს: 1 კგ ფქვილი, 11გ მშრალი საფუარი, 1ს/კ მარილი, თბილი წყალი. მოვზილოთ ცომი და დავასვენოთ ასაფუებლად თბილ ადგილას, თბილად შეხვეული. ლობიო რომ მარტივად და სწრაფად მოიხარშოს გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს: წინა დღით გავარჩიოთ და გავრეცხოთ ლობიო, დავასხათ ცივი წყალი, ისე რომ კარგად დაიფაროს და დავტოვოთ მთელი ღამით. მეორე დღეს ლობიო გაპუნტული დაგვხვდება, გადავუღვაროთ წყალი, გავრეცხოთ ისევ, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. ერთი წამოდუღების შემდეგ გამოვუცვალოთ წყლი, დავასხათ ცივი წყალი (ცივი წყალი აჩქარებს მოხარშვის პროცესს) და გავაგრძელოთ ხარშვა. დუღილის პროცესში თუ წყალს დაიშრობს, ვუმატებთ ისევ ცივ წყალს. ლობიო შევკმაზოთ ცხიმით და მარილით.ლობიანები ვაცხოთ 220 გრადუსზე გაოქროსფერებამდე. გადავუსვათ კარაქი და მივირთვათ გემრიელად!