ხრაშუნა მწნილის 4 ოქროს რეცეპტი ელგა ტაბატაძისგან - მზადდება ძალიან მარტივად და სწრაფად! - Gemrielia.ge

ხრაშუნა მწნილის 4 ოქროს რეცეპტი ელგა ტაბატაძისგან - მზადდება ძალიან მარტივად და სწრაფად!

შემოდგომა-ზამთრის სეზონი მწნილისა და მარინადების გარეშე წარმოუდგენელია. კულინარიული ბლოგერი ელგა ტაბატაძე თავის გამომწერებს 4 განსხვავებული, უგემრიელესი და ხრაშუნა მარინადის რეცეპტს უზიარებს. მთავარი უპირატესობა კი ის არის, რომ მომზადებიდან 3 დღეში მწნილი უკვე სრულიად მზადაა დასაგემოვნებლად.

1. წითელი კომბოსტოს მარინადი

1-1793696087.jpg

ეს რეცეპტი გამოირჩევა როგორც მდიდარი არომატით, ისე ულამაზესი ფერით, რასაც ნახევრად მოხარშული ჭარხალი აძლევს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კომბოსტო – 5 კგ
  • ჭარხალი (ნახევრად მოხარშული) – 2 კგ
  • სტაფილო – 1 კგ
  • ნიახური – 1 დიდი კონა
  • ხმელი აყვავებული კამა (ცერეცო) – 1 კონა
  • დაფნის ფოთოლი – 10 ცალი
  • მსხვილი პილპილი – 50 გრ
  • ნიორი – 100 გრ
  • ხმელი კამის თესლი – 30 გრ
  • მწარე წიწაკა – 3-4 ცალი

მარინადის წვენისთვის:

  • ადუღებული წყალი – 5 ლიტრი
  • მსხვილი მარილი – 10 ს/კ
  • შაქარი – 5 ს/კ
  • ძმარმჟავა – 50 გრ

მომზადების წესი:

  1. ჭურჭელში ფენა-ფენა მოალაგეთ დაჭრილი კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, მწვანილები და სუნელები.
  2. ზემოდან დაადეთ სიმძიმე.
  3. ცალკე მოამზადეთ მარინადის წვენი: ადუღებულ წყალში გახსენით მარილი, შაქარი და ძმარმჟავა.
  4. ქაფქაფა ცხელი მარინადი დაასხით მომზადებულ ინგრედიენტებს და დატოვეთ დასამწნილებლად.

2. მკვახე პომიდვრისა და ჭარხლის მარინადი

2-1793696102.jpg

მკვახე პომიდვრისა და ჭარხლის სინთეზი მწნილს განსაკუთრებულ სიმჟავესა და საოცარ წითელ ფერს ანიჭებს (სურვილისამებრ, ჭარხლის ამოღებაც შეგიძლიათ).

ძირითადი ინგრედიენტები:

  • მკვახე პომიდორი – 5 კგ
  • მარილი – 5 ს/კ
  • ძმარმჟავა (70%) – 3 ს/კ
  • დაფნის ფოთოლი – 3-4 ცალი
  • ჭარხალი – 500 გრ
  • ნიორი (მსხვილად დაჭრილი) – 100 გრ
  • ნიახური – 1 დიდი კონა
  • სუნელები: მწარე დაფქული წიწაკა, ხმელი ქინძი, ცერეცოს მარცვალი, ხმელი ქინძის მარცვალი (გემოვნებით)

მარინადის წვენი (1 ლიტრ ადუღებულ წყალზე):

  • მარილი – 2 ს/კ
  • შაქარი – 1 ს/კ
  • ძმარმჟავა – 1 ს/კ
  • ლიმონმჟავა – 1/4 ჩ/კ

მომზადების წესი: პომიდორს, ჭარხალსა და არომატულ მწვანილებს დაამატეთ სუნელები, მოათავსეთ ჭურჭელში და დაასხით ადუღებული წყლისგან, მარილისგან, შაქრისგან, ძმარმჟავასა და ლიმონმჟავასგან მომზადებული მარინადი.

3. კომბოსტოსა და სტაფილოს მარინადი

3-1793696112.png

კლასიკური, ხრაშუნა და ძალიან მარტივად მოსამზადებელი მწნილი, რომელიც უხდება თითქმის ყველა კერძს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კომბოსტო – 3 კგ (წვრილად დაჭრილი)
  • სტაფილო – 4 ცალი (გახეხილი)
  • მარილი – 3 ს/კ
  • ძმარმჟავა – 2 ს/კ
  • სუნელები და მწვანილი: ცერეცო, ხმელი ქინძის მარცვალი, ფერადი პილპილი, დაფნის ფოთოლი, დაჭრილი ნიორი, ნიახური და კამა (გემოვნებით)

მომზადების წესი:

  1. წვრილად დაჭრილ კომბოსტოს დაამატეთ გახეხილი სტაფილო, მწვანილები, სუნელები, მარილი და ძმარმჟავა.
  2. ინგრედიენტები კარგად გადაურიეთ ერთმანეთში.
  3. გადაიტანეთ ქილაში, მჭიდროდ ჩატენეთ და თავისივე გამოყოფილი წვენი დაასხით.

4. მწვანე წიწაკის არომატული მარინადი

4-1793696128.png

მწარე და არომატული კერძების მოყვარულთათვის ეს რეცეპტი ნამდვილი მიგნებაა.

ძირითადი ინგრედიენტები:

  • მწვანე წიწაკა
  • ხმელი ცერეცო, ნიახური, კამა
  • დაფნის ფოთოლი, ნიორი
  • ხმელი ქინძის მარცვალი, ფერადი პილპილი

მარინადის წვენი (1 ლიტრ ადუღებულ წყალზე):

  • მარილი – 2 ს/კ
  • შაქარი – 1 ს/კ
  • ძმარმჟავა – 1/4 ჩ/კ

მომზადების წესი:

  1. გასუფთავებული ქილის ძირში ჩაალაგეთ ხმელი ცერეცო, ნიახური, კამა, დაფნის ფოთოლი და ნიორი.
  2. მჭიდროდ ჩაალაგეთ მწვანე წიწაკა.
  3. ადუღებულ წყალში გახსენით მარილი, შაქარი, ძმარმჟავა და სუნელები, დაასხით წიწაკას და მჭიდროდ დაახურეთ.

გემრიელად მიირთვით!