დიეტოლოგი ასახელებს 10 ხილსა და ბოსტნეულს, რომელთა მირთმევაც კანიანად უფრო სასარგებლოა
ბევრი ადამიანისთვის ჩვეულია ხილისა და ბოსტნეულის გაფცქვნა და კანის გადაყრა ისე, რომ მის სარგებლიანობაზე არც კი ვფიქრობთ. თუმცა, როგორც გამოცემა Health წერს, კანში ხშირად უფრო მეტი უჯრედისი, ვიტამინი და ანტიოქსიდანტია, ვიდრე თავად რბილობში.
დიეტოლოგმა ლინდსი დესოტომ (Lindsay Desoto) შეადგინა იმ 10 პროდუქტის სია, რომლებსაც ჭამის წინ გაფცქვნა არ სჭირდება:
ვაშლი

ვაშლის გაფცვნილი სახით მიღებისას ვკარგავთ უჯრედისის საერთო რაოდენობის დაახლოებით ნახევარს. კანი ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტ კვერცეტინს, რომელიც ამცირებს ანთებით პროცესებს და ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას.
არასეზონურ ან არაორგანულ ვაშლს ზედაპირზე შესაძლოა პესტიციდები ჰქონდეს, ამიტომ ის კარგად უნდა გარეცხოთ ან ორგანული პროდუქტი აირჩიოთ.
კივი

კივის კანიანად მირთმევა (კვლევების თანახმად) უჯრედისის მიღებას დაახლოებით 50%-ით ზრდის. კანი ასევე მდიდარია C და E ვიტამინებით.
თუ ბეწვებიანი ტექსტურა არ მოგწონთ, შეგიძლიათ კანი პირსახოცით მსუბუქად გაფხიკოთ ან „ოქროსფერი კივი“ აირჩიოთ.
ატამი

ატმის უჯრედისისა და ანტიოქსიდანტების მნიშვნელოვანი ნაწილი კანში ან მის სიახლოვესაა კონცენტრირებული. კანი შეიცავს ქლოროგენის მჟავას, რომელსაც ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
კარტოფილი

მუნდირში გამომცხვარი კარტოფილი (გაფცქვნილ მოხარშულთან შედარებით) სამჯერ მეტ რკინას და დაახლოებით 35%-ით მეტ კალიუმს შეიცავს. კანი ამატებს დაახლოებით 1.5 გრამ უჯრედისს, რომელიც ანელებს ნახშირწყლების მონელებას და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
საზამთრო

საზამთროს თეთრი შიდა ნაწილი (ქერქქვეშა არე) სავსეა უჯრედისითა და ციტრულინით – ამინომჟავით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
მას ძირითადად ამზადებენ ან აკონსერვებენ, თუმცა ასევე შეგიძლიათ დაამატოთ სმუზებში.
ფორთოხალი

ფორთოხლის კანი საკვებად ვარგისია, თუმცა მწარე გემოს გამო მას ძირითადად ცედრის სახით იყენებენ. იგი მდიდარია C ვიტამინით, უჯრედისით, ფლავონოიდებითა და ლიმონენით, რომელიც ტვინის ჯანმრთელობასა და ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ბანანი

ბანანის კანი შეიცავს უჯრედისს, კალიუმსა და ანტიოქსიდანტებს (კაროტინოიდებსა და ფლავონოიდებს), რომლებიც უჯრედებს დაზიანებისგან იცავს. შიგთავსში ანტიოქსიდანტების რაოდენობა ბანანის დამწიფებასთან ერთად იზრდება.
მკვრივი ტექსტურისა და სიმწარის გამო, კანს ძირითადად ხარშავენ ან აბლენდერებენ.
ყურძენი

წითელი ყურძნის კანი განსაკუთრებით მდიდარია რესვერატროლით – მცენარეული შენაერთით, რომელიც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლურ სისტემებზე.
სტაფილო

სტაფილოს გაფცქვნა სავალდებულო არ არის. მის გარე ფენებში უფრო მეტი მინერალი და ანტიოქსიდანტია (ბეტა-კაროტინი და ქლოროგენის მჟავა).
თერმული დამუშავება ან წვენის გამოწურვა (მთლიანი სტაფილოს გამოყენებით) არღვევს უჯრედის კედლებს, რაც ორგანიზმს ბეტა-კაროტინის ათვისებაში ეხმარება.
ხახვი

ხახვის ფურცლები უჯრედისსა და ანტიოქსიდანტებს შეიცავს. წითელი ხახვის კანი განსაკუთრებით მდიდარია ანტოციანებით, რომლებიც ამცირებენ ანთებას და იცავენ გულს, ღვიძლსა და ტვინს.
მკვრივი ტექსტურის გამო, უმჯობესია გამოიყენოთ სუპების, მოსახარში კერძებისა და ბულიონების მომზადებისას (ბოლოში შეგიძლიათ ამოიღოთ).
როგორ დავიცვათ უსაფრთხოება?

რადგან კანი პირდაპირ კონტაქტშია გარემოსთან, მასზე შესაძლოა დარჩეს მტვერი, ბაქტერიები და პესტიციდები. პროდუქტის მომზადებამდე დაიცავით ძირითადი წესები:
- გარეცხეთ გამდინარე წყლით: ხელით კარგად ჩამორეცხეთ ზედაპირი, ხოლო მკვრივი კანის მქონე ბოსტნეული (კარტოფილი, სტაფილო) სპეციალური სუფთა ჯაგრისით გაასუფთავეთ.
- არ გამოიყენოთ საპონი ან სარეცხი საშუალებები.
- გარეცხეთ გაფცქვნამდეც კი: მაშინაც კი, თუ პროდუქტის გაფცქვნა გსურთ, ჯერ გარეცხეთ – წინააღმდეგ შემთხვევაში, დანის პირით ბაქტერიები რბილობზე გადავა.
- მოაცილეთ დაზიანებული ადგილები.