როგორია წონის კორექციის მარტივი ფორმულა? - რას გვირჩევს მანანა მგალობლიშვილი
ჯანსაღი კვება და წონის კონტროლი ხშირად რთულ გამოწვევად გვეჩვენება, თუმცა ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი გვთავაზობს მარტივ ფორმულას, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში. ექიმის განმარტებით, მთავარი წარმატებული შედეგის მისაღწევად კვების რეჟიმის რეგულარულობა და დაცვაა.
"წონის კორექციისთვის აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა და მისი რეგულარულობა. არსებობს ძალიან მარტივი ფორმულა, რომლის რეგულარული დაცვით თქვენ შეძლებთ დასახული მიზნის მიღწევას. ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარულობა და არა მაგალითად რაღაც პერიოდი დაცვა და შემდეგ შეწყვეტა. როცა შეწყვეტთ, მერე ისევ მოიმატებთ წონაში ან ისევ დაიკლებთ, ამიტომ აუცილებელია მუდმივად გქონდეთ რეგულარული კვება.
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება ან წონის დეფიციტით თუ ჭარბი წონით არის გამოწვეული პრობლემები, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმთან.
კვების რეჟიმი:
- პირველი კვება (დღეში ოთხჯერადი კვება): პირველი კვება ეს არის ის, რაც თქვენ გსურთ, რაც თქვენ გინდათ. კერძი, რაც გიყვართ. მე მაგალითად მიყვარს კრუასანი ნამცხვარი და ჩემს თავს ვაძლევ უფლებას, ყოველდღე არა, მაგრამ ხშირად მივირთვა დილით რაღაც ასეთი ტკბილი ყავასთან ერთად. ან შეგიძლიათ მიირთვათ კვერცხი შემწვარი, პური კარაქით და ჩაი.
- კვებებს შორის შუალედი: მეორე პრინციპი არის ის, რომ კვებებს შორის იყოს ინტერვალი 3-4 საათი. პირველი კვება - მიირთვით, რაც გინდათ და შემდეგი კვება მოდის 3-4 საათში. არც მეტი, არც ნაკლები. თუ გადავიდა 3-4 საათი და არ გშიათ, მაინც უნდა ჭამოთ. კვებებს შორის შუალედში არაფერი არ უნდა ჭამოთ, მხოლოდ წყალი, უშაქრო ყავა და ჩაი.
- მეორე კვება: მეორე კვება ეს არის ხილის კვება, როცა მიირთმევთ ნებისმიერ ხილს (უმჯობესია სეზონური ხილი) და შეგიძლიათ დაამატოთ ხაჭო ან მაწონი ან იოგურტი. მეტი არაფერი.
- მესამე კვება - სადილი: მესამე კვება არის კარგი სადილი. სადილი, რომელიც დაგაკმაყოფილებთ ფიზიკურად და მენტალურადაც, იქნება სასიამოვნო და გამოიწვევს დადებით ემოციას. დიდ თეფშზე უნდა გქონდეთ: ნახევარი - ბოსტნეული, ერთი მეოთხედი - ცილა (ნებისმიერი ხორცი, თევზი), ერთი მეოთხედი - ნახშირწყლები (წიწიბურა, კარტოფილი, პური, ბრინჯი და ა.შ). მნიშვნელოვანია რაოდენობრივად დაიცვათ ეს პროპორცია (1/4 და 1/4).
- მეოთხე კვება: მეოთხე კვება არის ერთი ჭიქა მაწონი ან ერთი ჭიქა უშაქრო იოგურტი და მეტი არაფერი.
წყლის მიღება: დღის განმავლობაში უნდა სვათ ბევრი წყალი. მისი რაოდენობა შეგიძლიათ გამოთვალოთ: თქვენი წონა გაამრავლეთ სამზე. მაგალითად, თუ იწონით 80 კგ-ს, 80 × 3 = 240, ანუ 2 ლიტრი და 400 გრამი წყალი უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში. ეცადეთ, წყლის სმისას დღის პირველ ნახევარში უფრო მეტი დალიოთ, ხოლო მეორე ნახევარში ნაკლები. მნიშვნელოვანია წყალი სვათ ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად.
თუ გაქვთ წონის დეფიციტი: შეგიძლიათ იკვებოთ ზუსტად ამ პრინციპით, მაგრამ აუცილებლად ყველა კვებას დაუმატეთ ჩირი (3-4 ცალი). ჩირი შეიცავს უფრო მეტ კალორიას და წონაში მატებას შეუწყობს ხელს", - ამბობს მანანა მგალობლიშვილი.