რა მოხდება, თუ შვრიის ფაფას ყოველდღე მიირთმევთ
შვრიის ფაფა მილიონობით ადამიანისთვის საყვარელი საუზმეა - ის არა მხოლოდ გემრიელი, არამედ მარტივად მოსამზადებელი და ძალიან ნოყიერიცაა. ალბათ ბევრჯერ დაფიქრებულხართ, არის თუ არა რეკომენდებული მისი ყოველდღიური მირთმევა. პასუხი მარტივია: დიახ, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.
შეიძლება თუ არა შვრიის ფაფის ყოველდღე მირთმევა?

ჯანმრთელობის ექსპერტების აზრით, შვრიის ყოველდღიურად მიღება სავსებით მისაღებია, თუმცა უმჯობესია არჩევანი მთლიან მარცვლეულზე ან ხანგრძლივი ხარშვის შვრიის ფანტელებზე გააკეთოთ. ე.წ. „სწრაფი მომზადების“ ფაფებიც შეიცავს გარკვეულ სასარგებლო ნივთიერებებს, თუმცა მათი უმეტესობა სწორედ მარცვლის გარსშია, რომელიც დამუშავების პროცესში ხშირად იკარგება.
გახსოვდეთ, რომ შვრიის სარგებელი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დანამატებს იყენებთ. ხილი და კენკრა მისი კვებითი ღირებულებას გაზრდის, ხოლო შაქარი, თაფლი და კარაქი - მხოლოდ კალორიულობას.
მნიშვნელოვანია: შვრია არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აქვს გლუტენის აუტანლობა, შვრიის ალერგია ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ შვრიას ყოველდღე მიირთმევთ?

- გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესება - კვლევები ადასტურებს, რომ დღეში 70 გრამი შვრიის რეგულარული მიღება სისხლში ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს. შვრიაში შემავალი ბეტა-გლუკანი, მაგნიუმი და რკინა გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს.
- საჭმლის მონელების გაუმჯობესება - შვრია მდიდარია როგორც ხსნადი, ისე უხსნადი ბოჭკოებით. ეს კომპონენტები აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას და ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს, რაც განსაკუთრებით ეფექტურია ყაბზობის დროს.
- სისხლში შაქრის დონის კონტროლი - ბოჭკოების მაღალი შემცველობის გამო, შვრია იდეალური პროდუქტია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის. ის ორგანიზმს შაქრის დონის მკვეთრი ცვლილებებისგან იცავს და ენერგიას თანაბრად ანაწილებს.

- წონის კლება - შვრია მათთვისაც საუკეთესო დამხმარეა, ვისაც წონის დაკლება სურს. ტაივანელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ჭარბწონიანი ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევდნენ შვრიის ფაფას, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში და მათ ორგანიზმში შემცირდა ვისცერული (შიდა ორგანოების გარშემო დაგროვილი) ცხიმი. გარდა ამისა, ის დიდხანს ანაყრებს, რაც ზედმეტი კალორიების მიღების რისკს ამცირებს.
- ტვინის მუშაობის გაუმჯობესება - შვრია თქვენი ტვინისთვისაც სასარგებლოა. ერთ ჭიქა ნედლ შვრიაში სელენის დღიური ნორმის ნახევარია, რაც, მეცნიერთა აზრით, ასაკთან ერთად ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს ამცირებს. ასევე, შვრია მდიდარია კალციუმით, თუთიითა და ფოლიუმის მჟავით, რაც მას თქვენი ყოველდღიური რაციონის აუცილებელ ნაწილად აქცევს.