რატომ ვერ ვიკლებთ წონაში? - ცნობილმა შეფ-მზარეულმა მთავარი მიზეზი დაასახელა
„ვერანაირი ვარჯიში ვერ დააკომპენსირებს არასწორ კვებას“ - აღნიშნავს ის.
ცნობილმა შეფ-მზარეულმა, როკო დისპირიტომ (Rocco DiSpirito), ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებულ მითებსა და იმ მთავარ შეცდომაზე ისაუბრა, რომელიც წონაში კლების პროცესს საგრძნობლად აფერხებს.
Fox News-თან ინტერვიუში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წონაში კლების ერთიანი ფორმულა არ არსებობს. პირველ რიგში, ინდივიდუალურად უნდა მივხვდეთ, სად არის პრობლემა: ეს შეიძლება იყოს სხეულის შემადგენლობის დისბალანსი, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა თუ ზოგადად გაუწონასწორებელი რაციონი.
თუმცა, შეფის თქმით, გადამწყვეტ როლს მაინც კვება ასრულებს:
„მაშინაც კი, თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, შეუძლებელია არასწორი კვების კომპენსირება ფიზიკური დატვირთვით. თუ თქვენ ლებრონ ჯეიმსი არ ხართ და თამაშისას 8000 კალორიას არ წვავთ, სავარჯიშო დარბაზი ვერ გიშველით, თუ რაციონს არ შეცვლით.“
რა უნდა შევცვალოთ?
დისპირიტო გვირჩევს, რომ ცვლილებები საფუძვლებით დავიწყოთ:
- ნაკლები შაქარი;
- ნაკლები ალკოჰოლი;
- ნაკლები გადამუშავებული პროდუქტი და ნახშირწყლები;
- მეტი ცილა (პროტეინი).
მთავარი შეცდომა: „უხილავი კალორიები“
შეფ-მზარეულის დაკვირვებით, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ადამიანებმა არ იციან, რეალურად რამდენ კალორიას მოიხმარენ.
„ჩვენ იმაზე 2-3-ჯერ მეტს ვჭამთ, ვიდრე გვგონია... ის პატარა ლუკმებიც კი, რომლებსაც კერძის მომზადებისას ან სუფრის ალაგებისას აგემოვნებთ – ეს ყველაფერი ჯამში ითვლება და კალორიების საკმაოდ დიდ მარაგს ქმნის,“ – აფრთხილებს დისპირიტო.