როგორ დავამარინადოთ ქათმის მწვადი - 5 საუკეთესო რეცეპტი - Gemrielia.ge

როგორ დავამარინადოთ ქათმის მწვადი - 5 საუკეთესო რეცეპტი

ქათმის მწვადი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ბიუჯეტური და მარტივად მოსამზადებელი კერძია. მართალია, შეგიძლიათ ხორცი პირდაპირ შამფურზე წამოაგოთ ან გრილის ბადეზე დააწყოთ და ისე შეწვათ, მაგრამ ამისთვის იდეალური ხარისხის პროდუქტია საჭირო.

კარგად შერჩეული მარინადი კი ხორცს ახალ გემოსა და არომატს სძენს, ცვლის მის ტექსტურას და კერძს განსაკუთრებულ სინაზეს ანიჭებს. ამ კრებულში წარმოგიდგენთ მარინადის 5 ნაცად რეცეპტს:

1. მარინადი ბრენდით თეთრი ხორცისთვის (Marinata al Brandy)

marinadi-brendi-1778138573.jpg

ბრენდის, ხარისხიანი ზეითუნის ზეთის, ბეგქონდარასა და დაფნის ფოთლის ნაზავი ქმნის ინტენსიურ და მკვეთრ არომატს. ეს მარინადი იდეალურია როგორც ქათმისთვის, ისე ინდაურისაც.

ინგრედიენტები:

  • სასმელი ბრენდი/ კონიაკი - 3 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი - 4 სუფრის კოვზი
  • ნედლი ბეგქონდარა (თიმიანი) - 1 ტოტი
  • დაფნის ფოთოლი - 1 ცალი
  • მარილი და დაფქული შავი პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ერთმანეთში აურიეთ ბრენდი, ზეითუნის ზეთი, ბეგქონდარა და დაფნის ფოთოლი; დაამატეთ მარილი და პილპილი.
  2. მოათავსეთ ხორცი მარინადში და გააჩერეთ რამდენიმე საათის განმავლობაში.

2. არომატული იოგურტის მარინადი სანელებლებით

iogurtis-marinadi-1778138596.jpg

იოგურტი თავისი სასიამოვნო მომჟავო გემოთი საუკეთესოდ უმკლავდება ქათმის შედარებით მშრალ მკერდს. სანელებლები კი ეხმარება იოგურტს, რომ ხორცი კიდევ უფრო სურნელოვანი გახდეს.

ინგრედიენტები:

  • ნატურალური იოგურტი - 200 გ
  • ლიმონის წვენი - 3 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი (Extra Virgin) - 3 სუფრის კოვზი
  • ხახვი - 1 თავი
  • დაქუცმაცებული პიტნის ფოთლები - 20 გ
  • ნიორი - 4 კბილი
  • ლიმონის ცედრა - 2 ნაჭერი
  • სანელებლები: დაფქული კუმინი (ძირა), პაპრიკა, ქინძის თესლი - თითო 1/2 ჩაის კოვზი; დარიჩინი და ჯანჯაფილი (იმბირი) - თითო 1/4 ჩაის კოვზი

მომზადების წესი:

  1. ბლენდერში მოათავსეთ იოგურტი, ლიმონის წვენი, ზეთი, წვრილად დაჭრილი ხახვი, პიტნა, ნიორი, ცედრა და ყველა სანელებელი.
  2. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. წაუსვით მარინადი ხორცს და დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით (უმჯობესია გამოიყენოთ ძვლიანი ნაჭრები ან მთლიანი ქათამი).

3. ციტრუსის მარინადი ფრინველის ხორცისთვის

citursis-marinadi-1778138618.jpg

ფორთოხლის, ლიმონისა და ბრინჯის ძმრის კომბინაცია ხორცს პიკანტურობას მატებს.

ინგრედიენტები:

  • თხევადი თაფლი - 3 სუფრის კოვზი
  • ბრინჯის ძმარი - 50 მლ
  • ლიმონი - 1 ცალი
  • ფორთოხალი - 1 ცალი
  • მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. პატარა ქვაბში ოდნავ შეათბეთ თაფლი და ბრინჯის ძმარი, შემდეგ გადაიტანეთ ჯამში.
  2. დაამატეთ 1 ლიმონის წვენი, ფორთოხლის წვენი და ცედრა.
  3. შეაზავეთ მარილით, პილპილით და კარგად აურიეთ.

4. მარინადი როზმარინითა და ბეგქონდარათი

marinadi-rozmarinit-1778138644.jpg

ზეითუნის ზეთი ნივრისა და მწვანილების სურნელს იწოვს და მას ხორცს უხვად გადასცემს.

ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი - 1/2 ჭიქა
  • ნიორი - 2 კბილი
  • ლიმონის წვენი - 1/4 ჭიქა
  • ხმელი ბეგქონდარა - 1 ჩაის კოვზი
  • ხმელი როზმარინი - 1 ჩაის კოვზი
  • ლიმონის ცედრა - 1/2 ჩაის კოვზი

მომზადების წესი:

  1. ჯამში აურიეთ ზეთი, ლიმონის წვენი, დაჭყლეტილი ნიორი, ბეგქონდარა, როზმარინი და ცედრა.
  2. გადაიტანეთ ნარევი პაკეტში, მოათავსეთ შიგნით ქათმის ნაჭრები და მჭიდროდ შეკარით.
  3. დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით.

5. მდოგვის მარინადი სალბით (შალფეით)

shalfeis-marinadi-1778138679.webp

იტალიელი შეფ-მზარეულები მიიჩნევენ, რომ სალბი ქათმის საუკეთესო პარტნიორია.

ინგრედიენტები:

  • მარცვლოვანი მდოგვი - 2 სუფრის კოვზი
  • ლიმონი - 1/2 ცალი
  • სალბის (შალფეის) ფოთლები - 16 ცალი
  • ნიორი - 4 კბილი
  • ზეითუნის ზეთი (Extra Virgin) - 2 სუფრის კოვზი
  • თაფლი - 1 ჩაის კოვზი
  • მსხვილი მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ჯამში გახეხეთ ლიმონის ცედრა და გამოწურეთ წვენი.
  2. დაამატეთ მდოგვი, წვრილად დაჭრილი სალბი, დაჭყლეტილი ნიორი, ზეთი და თაფლი. შეაზავეთ მარილით და პილპილით.
  3. მიღებული მასა წაუსვით ხორცს და გააჩერეთ 1 საათით. ეს მარინადი ასევე იდეალურია გრილზე მოსამზადებელი ღორის ხორცისთვისაც.