ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საიდუმლო - რატომ ამატებენ იტალიელები ზეითუნის ზეთს ყველა კერძში?
ზეითუნის ზეთი გავლენას ახდენს დაბერებასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკვანძო პროცესზე. იტალიაში იგი ყოველდღიური რაციონის შეუცვლელი ელემენტია. რამდენიმე წვეთი ბოსტნეულზე, ერთი კოვზი წვნიანში, ცოტაოდენი პურზე - მცირე რაოდენობით, მაგრამ რეგულარულად. როგორც გამოცემა interia.zdrowie წერს, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ამ რეგულარულობას აქვს.
დროებით ცვლილებებზე დაფუძნებული დიეტებისგან განსხვავებით, ზეითუნის ზეთის მოხმარება არის ჩვევა, რომლის შენარჩუნებაც წლების განმავლობაში, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი.
რით არის გამორჩეული ზეითუნის ზეთი?

იგი შეიცავს მონოუჯერ ცხიმოვან მჟავებსა და პოლიფენოლებს - ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტის მქონე ნაერთებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ზეითუნის ზეთი ეხმარება გულს, სისხლძარღვებსა და მთლიანად ორგანიზმს სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
„ზეითუნის ზეთის რეგულარული მოხმარება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, რაც სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს ანთებითი პროცესების შემცირებას, რომლებიც აჩქარებს დაბერებას“, - აღნიშნულია სტატიაში.
საკმარისია დღეში მხოლოდ ერთი კოვზი

საუბარი არ არის დიდ რაოდენობაზე ან რთულ რეცეპტებზე. მრავალი კვლევის დასკვნა მარტივია: დღეში ერთი კოვზი ზეთიც კი მნიშვნელოვანია, თუ იგი თქვენი მუდმივი რუტინის ნაწილი გახდება. სამეცნიერო თვალსაზრისით, ზეითუნის ზეთი იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, ხელს უწყობს ლიპიდურ ცვლას და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ზეითუნის ზეთი და დანაყრების შეგრძნება

მიუხედავად იმისა, რომ ცხიმებს კარგა ხანს „ცუდი რეპუტაცია“ ჰქონდათ, პრაქტიკაში სწორედ მათ შეუძლიათ სტაბილური მადის შენარჩუნება. ზეითუნის ზეთი ანელებს კუჭის დაცლის პროცესს, რაც ხელს უწყობს დანაყრების შეგრძნების ხანგრძლივად შენარჩუნებას.
„შედეგად, მცირდება წახემსების მოთხოვნილება და უფრო მარტივი ხდება დღის განმავლობაში საკვების რაოდენობის კონტროლი. სწორედ ამიტომ, ადამიანები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის დიეტას მისდევენ, ხშირად არ ითვლიან კალორიებს, თუმცა მაინც ინარჩუნებენ ნორმალურ წონას“.
ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლოა ცივი დაწურვისა და მინიმალურად დამუშავებული (Extra Virgin) ზეთი. სწორედ იგი შეიცავს ყველაზე მეტ პოლიფენოლსა და ბიოაქტიურ კომპონენტს. იაფი, რაფინირებული პროდუქტები მსგავს ეფექტს ვერ მოგცემთ. თუ გსურთ, რომ ამ ჩვევას რეალური შედეგი ჰქონდეს, მნიშვნელოვანია ხარისხი, სიახლე და რეგულარულობა.