"არასოდეს გახეხოთ უჟანგავი ფოლადის ქვაბი ან ტაფა!" - მარტივი ხერხი, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს - Gemrielia.ge

"არასოდეს გახეხოთ უჟანგავი ფოლადის ქვაბი ან ტაფა!" - მარტივი ხერხი, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

სამზარეულოში ფუსფუსისას ყველაზე გამოცდილ კულინარებსაც კი მოსდით შეცდომა – მიმწვარი კერძი და გაშავებული ტაფა ნამდვილი თავსატეხია. ხშირად, დიასახლისები გამოსავალს ზედაპირის გახეხვაში ხედავენ, რაც ჭურჭლისთვის საბედისწერო შეცდომაა.

ცნობილი ფუდბლოგერი Natiasfoodblog გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და გვასწავლის, როგორ დავაბრუნოთ ტაფა პირვანდელ მდგომარეობაში ისე, რომ მისი ზედაპირი არ დავკაწროთ.

რატომ არ უნდა გახეხოთ ტაფა?

ბლოგერი გვაფრთხილებს, რომ ლითონის სახეხის ან უხეში საგნების გამოყენება აზიანებს ჭურჭლის დამცავ ფენას:

„გახეხილი ტაფა შემდეგ გამოყენებაზე კიდევ უფრო მეტად მიიკრავს კერძს. თუ ასეთი შედეგი მიიღეთ, არ გახეხოთ ზედაპირები – ეს კაწრავს და აზიანებს თქვენს ჭურჭელს.“

ნათია გვთავაზობს მარტივ მეთოდს, რომელიც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აშორებს ნამწვს:

  1. დაასხით ტაფაზე მცირე რაოდენობით ჭურჭლის სარეცხი სითხე;
  2. მოაყარეთ საკვები სოდა (ის საუკეთესო ბუნებრივი გამწმენდია);
  3. დაამატეთ წყალი ისე, რომ დაფაროს მიმწვარი ადგილი;
  4. დადგით ცეცხლზე და აადუღეთ მიღებული მასა;
  5. დატოვეთ ტაფა მანამ, სანამ წყალი სრულად არ გაგრილდება;
  6. ბოლოს უბრალოდ გარეცხეთ გამდინარე წყალში.

ამ მეთოდით თქვენი ტაფა-ქვაბები დიდხანს შეინარჩუნებს ხარისხს და თავიდან აიცილებთ მათ სამუდამოდ გაფუჭებას. ასე რომ, სანამ სახეხს გადაწყვეტთ ხელის მოკიდებას, გაიხსენეთ ეს მარტივი „ლაიფჰაკი“!