5 მარტივი წესი, როგორ გადავიდეთ ჯანსაღ კვებაზე - Gemrielia.ge

5 მარტივი წესი, როგორ გადავიდეთ ჯანსაღ კვებაზე

რამდენჯერ დაგვიწყია „ახალი ცხოვრება“ ორშაბათიდან, ახალი თვიდან ან ახალი წლიდან? ალბათ არა ერთხელ და არა ორჯერ. და რამდენჯერ მიგვიტოვებია ეს გეგმები სულ რამდენიმე დღეში? მსგავსი რამ ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია. სწორედ ასე ხდება, როცა თავიდანვე ზედმეტად მკაცრ პირობებს ვუყენებთ საკუთარ თავს. გვგონა, რომ რადიკალური ცვლილება შედეგს უფრო სწრაფად მოგვიტანს, მაგრამ რეალობაში ეს ხშირად სირთულეს ქმნის და მალე გვიკლავს მოტივაციას.

ნელ-ნელა და ეტაპობრივად შეტანილი ცვლილებები გაცილებით მარტივია როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. თან ასეთ მიდგომას ბევრად მეტი შანსი აქვს, რომ გრძელვადიანად იმუშაოს. ზუსტად იგივე პრინციპი მუშაობს ჯანსაღ კვებაზე გადასვლის დროსაც. მკვეთრი შეზღუდვები („ხვალიდან შოკოლადს აღარ ვეკარები“ ან „მხოლოდ ორთქლზე მოხარშულს ვჭამ“) იშვიათად მუშაობს. ჯობს პატარა ნაბიჯებით დავიწყოთ.

5 მარტივი, მაგრამ ეფექტური ნაბიჯი, რომელიც დაგვეხმარება კვების რეჟიმის გაუმჯობესებაში, ისე რომ არც ზედმეტი სტრესი ვიგრძნოთ და არც შიმშილი:

1. ჩაანაცვლეთ ძროხის ყველი თხის ან ცხვრის ყველით

yveli-1759132751.jpeg

პირველ რიგში, ეს თქვენს მენიუს მეტი მრავალფეროვნებით გაამდიდრებს და ჩვეულებრივ კერძებს უფრო გემრიელს გახდის. მეორე მხრივ, ძროხის რძის ყველი ორგანიზმისთვის მძიმეა და რთულად ასათვისებელი, ხოლო თხის ან ცხვრის რძის ყველი კუჭისთვის ბევრად მარტივი ასათვისებელია და ძალიან სასარგებლოა.

2. ამოიღეთ ან ჩაანაცვლეთ პური

puri-1759133137.jpeg

რაც არ უნდა მაცდური იყოს თეთრი რაფინირებული ფქვილისგან დამზადებული ახალი პურის სუნი, ნუ აჰყვებით მის ცდუნებას. გახსოვდეთ, რომ ის სიგამხდრის ერთ-ერთი მთავარი მტერია. პურის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ მის ინგრედიენტებს, იდეალურ შემთხვევაში, ჩამონათვალში თეთრი ფქვილი საერთოდ არ უნდა იყოს, ან სულ მცირე რაოდენობით. უკეთესი იქნება თუ გადახვალთ ხრაშუნა პურზე - ის ნაკლებკალორიულია და ნამდვილად უფრო ჯანსაღია.

3. რძიანი შოკოლადის ნაცვლად შავი შოკოლადი აირჩიეთ

shavi-shokoladi-1759133202.jpg

უპირველესად, ეს უბრალოდ უფრო სასარგებლოა. შოკოლადი, რომელიც შეიცავს 70%-ზე მეტ კაკაოს, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, განწყობას და მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ასევე, ის ნაკლებად კალორიულია (რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ არ შეიცავს ხილის ან თხილის დანამატებს — აი ასეთი უნდა აირჩიოთ!). ჩვეულებრივ, ასეთი შოკოლადი არ შეიცავს არომატიზატორებსა და საღებავებს.

4. ჩაანაცვლეთ სოუსები ლიმონითა და სუნელებით

limoni-zetisxili-1759133275.jpeg

მწვანე სალათი და ბოსტნეული სულაც არ საჭიროებს ზეთს ან კალორიულ სოუსებს. სწორად შერჩეული სუნელები, ხმელი ბალახები და ლიმონის წვენი მშვენივრად ანაცვლებს მათ. მთავარი — იპოვოთ თქვენი საყვარელი კომბინაცია. მაგალითად: შავი პილპილი, ბაზილიკი, როზმარინი და ლიმონი.

5. გახადეთ საუზმე დღის მთავარი კვება

jansagi-1759133414.jpg

დილით ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა მუშაობს 100%-ით, ამიტომ მას მარტივად შეუძლია საჭმლის გადამუშავება. საშუალოდ, ეს პროცესი 6 საათს გრძელდება. ანუ თუ საუზმობთ 8 საათზე, დღის 2 საათისთვის საჭმელი უკვე გადამუშავებულია და საჭმლის მომნელებელი სისტემა მზადაა ახალი ტალღისთვის. თუმცა ამ დროისთვის მისი აქტივობა უკვე 20%-ით ქვეითდება და საჭმლის მონელებას დაახლოებით 8 საათი სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ საბოლოო მონელება მოხდება მხოლოდ ღამის 10 საათისთვის.

საღამოს 6-7 საათის შემდეგ, საჭმლის მომნელებელი სისტემა კიდევ უფრო ნელდება, დღის განმავლობაში გადაღლილია და მონელება 12 საათზე მეტხანს გაგრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საღამოს მიღებული საკვების მონელება, ხშირად ძილის დროს ხდება. შედეგად, კუჭ-ნაწლავის სისტემა ვერ ისვენებს, რაც დილით დაღლილობას, სისუსტეს და ენერგიის ნაკლებობას იწვევს. ხოლო საკვები, რომელიც ენერგიად ვერ გარდაიქმნება, გროვდება ცხიმებად. ამიტომ ჯანსაღი კვების ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი წესია ძილის წინ 2-3 საათით ადრე, ვახშამზე მსუბუქი საკვების მირთმევა. ასე ორგანიზმს ექნება საშუალება საკვები კარგად მოინელოს და დაისვენოს, რაც დადებითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე და საერთო ენერგეტიკაზე.