როგორ შევინახოთ მწვანე ტყემალი ზამთრისთვის? – მარტივი რეცეპტი გამოცდილი დიასახლისისგან
ფეისბუქჯგუფ „გემრიელიას“ მომხმარებელი ეკა ნადირაძე მწვანე ტყემლის შენახვის რეცეპტს გვიზიარებს.
(რეცეპტი 50 ლიტრიანი ქვაბით – მიიღება დაახლოებით 24 ლიტრი მზა საწებელი)
მნიშვნელოვანია: არ გამოიყენება ასპირინი!
ინგრედიენტები:
- 50 ლიტრიანი ქვაბი სავსე იყო ტყემლით ( ალუჩასა და ტყემალს შორისაა გემოთი, სამებაში მანცქლას ეძახიან, იმერეთში ბალტყემალას )
- ქინძი 7 დიდი კონა (2 კონა აკატრებული ქინძი, 5 კონა ქინძი)
- ომბალო 200 გრ
- ცერეცო 2 დიდი კონა
- კამა 7 პატარა კონა
- წყალი 1 ლ
- მარილი და შაქარი გემოვნებით
- წითელი დაღერღილი წიწაკა 4 სკ (ძალიან მწარე არ იყო)
- გატარებული ძველი ნიორი 1 სავსე სუფრის კოვზი
მომზადების წესი:
„ქვაბში ჩავალაგოთ აკატრებული ქინძის ღერები, დავაყაროთ ტყემალი, დავასხათ წყალი და ავადუღოთ. ადუღებამდე რამდენიმეჯერმე ამოვურიოთ. როგორც კი ადუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. გადავანაწილოთ ტყემალი რამდენიმე თასზე , ესე მალე გაგრილდება. შემდეგი ეტაპია გაცხრილვა. ვცხრილავთ მხოლოდ ტყემალს. ზედმეტ წვენს ვინახავთ, დაგვჭირდება შემდეგ ტყემლის გასათხელებლად. ნიორი გავატაროთ ცალკე, გარეცხილი მწვანილი კარგად დაწდეს და ისიც გავატაროთ. დავადგათ ქვაბი გაზქურაზე, ჩავასხათ გაცხრილული ტყემალი. შევამოწმოთ ტყემლის სისქე, ჩემს შემთხვევაში გათხელება დაჭირდა , გადანახული სითხის მესამედი დაჭირდა. ვადუღოთ 10 წუთი. შემდეგ ვუმატებთ გატარებულ მწვანილს, ნიორს (ნიორი ძველი აუცილებლად, ბევრი არ მოგივიდეთ ამჟავებს ტყემალს), წიწაკას, მარილს, მოვხადოთ ზედმეტი ქაფი, ვადუღოთ 5 წუთი და გადავიტანოთ ქილებში ცხელი მასა, ეგრევე დავახუროთ თავზე და მოვხუფოთ, ან რეზბიანი თავსახურით დავუჭიროთ (ქილებს და თავსახურებს წინასწარ ვრეცხავ, შემდეგ კი ადუღებულ წყალს ვავლებ).
იგივე რეცეპტით შეგიძლიათ გააკეთოთ ალუჩაც, ოღონდ მწიფე არ აიღოთ, მკვახეზე გააკეთეთ არჩევანი“, - წერს დიასახლისი.